Neo Geo Pocket Color
Neo Geo Pocket Color (იაპონ. ネオジオポケットカラー ნეო ჯიო პოკეტო კარა?) — მეექვსე თაობის 16-ბიტიანი ფერადი პორტატიული ვიდეო თამაშების კონსოლი, შექმნილი და გამოცემული იაპონური კომპანია SNK-ის მიერ 1999 წლის 16 მარტს იაპონიაში, 6 აგვისტოს ჩრდილოეთ ამერიკაში, 1 ოქტომბერს ევროპაში. იგი არის SNK-ის მონოქრომული პორტატიული კონსოლის Neo Geo Pocket-ის მემკვიდრე, გამოსული 1998 წელს. როგორც ნაწილი მეექვსე თაობის კონსოლებისა, კონკურენციას უწევდა Nintendo-ს Game Boy Color-სა და Bandai-ს WonderSwan-ს. გამოსვლისთანავე, მასზე ხელმისაწვდომი იყო 14 თამაში, რაც დღემდე ითვლება აბსოლუტურ რეკორდად.[1] საერთო ჯამში კონსოლისთვის შეიქმნა 82 თამაში, რომელთა უმეტესობა თავად SNK-მ აწარმოა, მათ შორის „Fatal Fury“, „Metal Slug“ და „The King of Fighters“.[2] ასევე მასზე თამაშები შექმნეს რამდენიმე მსხვილმა მესამე მხარის დეველოპერმა. დასაწყისში Neo Geo Pocket Color-ის გაყიდვები დამაჯერებლად მიმდინარეობდა აშშ-სა და იაპონიაში, თუმცა SNK-ის მხრიდან კონსოლის არასაკმარისმა მხარდაჭერამ აშშ-ში[3] და ამერიკელი მესამე მხარის დეველოპერებთან ნაკლებმა კომუნიკაციამ,[4] რასაც თან ერთვოდა Nintendo-ს „Pokémon“-ის ფრენჩაიზის პოპულარობა და Bandai-ს WonderSwan-ის მხრიდან ძლიერი კონკურენცია იაპონიაში, ისევე როგორც ახალი სისტემის Game Boy Advance-ის გამოსვლის მოლოდინი,[5] განაპირობა მისი გაყიდვების საგრძნობი კლება ამ ორ რეგიონში.[6] ამ პერიოდში SNK ფინანსურად მეტად რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. 2000 წლის იანვარში SNK შეიძინა პაჩინკოს მწარმოებელმა კომპანიამ Aruze.[6] თუმცა, Aruze-ის მხრიდან SNK-ს ვიდეო თამაშების ბიზნესის მხარდაჭერა არასაკმარისი აღმოჩნდა, შედეგად SNK-ს დამფუძნებელმა და სხვა რამდენიმე თანამშრომელმა დატოვეს იგი და დაარსეს კომპანია BrezzaSoft.[6][7] 2000 წლის 13 ივნისს Aruze-მა გადაწყვიტა ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის ბაზრების დატოვება, რაც ნიშნავდა SNK-ის ოპერაციებისა და კერძოდ, Neo Geo-ს მოწყობილობებისა და პროგრამული უზრუნველყოფის წარმოების შეჩერებას მთელს მსოფლიოში.[6] The Neo Geo Pocket Color-ის (SNK/Neo Geo-ს პროდუქტები და სხვა) წარმოება იაპონიაში მიმდინარეობდა 2001 წლამდე. Neo Geo Pocket Color იქცა SNK-ის უკანასკნელ ვიდეო თამაშების კონსოლად. 2001 წლის 30 ოქტომბერს კომპანია გაკოტრდა.[6][8][9] წარუმატებლობის მიუხედავად, იგი მიჩნეულია ერთ-ერთ საუკეთესო პორტატიულ სისტემად ვიდეო თამაშების ისტორიაში. მასზე გამოვიდა ბევრი განთქმული თამაში, მათ შორის „SNK vs. Capcom: The Match of the Millennium“, „King of Fighters R-2“ და სხვა.[5] კრიტიკოსრბმა შეაქეს არკადული ტიპის მოქნილი ჯოისტიკი და ბატარეის ეფექტიანობა, რომელსაც შეეძლო 40 საათი დატვირთულ რეჟიმში მუშაობა.[5] თამაშებირესურსები ინტერნეტში
სქოლიო
|